I. წელსა მეათესა ხუასრო მეფისასა და არვანდ გუშნასპისა მარზაპნობასა ქართლისასა მოვიდა კაცი ერთი სპარსეთით, სოფლისა არშაკეთისაჲ, ძჱ მოგჳსაჲ, და წარმართ იყო იგი. და სახელი ერქუა მას გჳრობანდაკ, და დღითა ყრმა იყო იგი ვითარ ოცდაათ წლის.

და მოვიდა იგი ქალაქად მცხეთად და ისწავებდა ჴელსა მეჴამლობისასა და ხედვიდა იგი რჩულსა ქრისტეანეთასა და მსახურებასა ქრისტჱსსა და წმდისა ჯუარისა ძალისა ჩინებასა. შეიყუარა მან რჩული ქრისტეანობისაჲ და ჰრწმენა ქრისტე. და ვითარ ისწავა მეჴამლობაჲ, ითხოვა მან ცოლი ქრისტეანჱ და თჳთ ქრისტეანე იქმნა და ნათელი მოიღო. ხოლო ნათელის-ცემასა მისსა უწოდეს [მას] სახელი ევსტათი, და ცხონდებოდა წმიდაჲ ევსტათი ქრისტეანობასა შინა და სათნოებასა ქრისტჱსსა.

II. მას ჟამსა შეკრბეს სპარსნი, რომელნი მცხეთად იყვნეს, მეჯადაგენი და მეჴამლენი, ტოზიკობდეს და მიავლინეს ნეტარისა ევსტათისა და ჰრქუეს: “მოვედ და გუერთე შუებასა ამას ჩუენსა”. ხოლო ნეტარმან ევსტათი განიცინნა და ჰრქუა მათ: “თქუენი ტოზიკიცა ბნელ არს, და თქუენ, მეტოზიკენიცა, ბნელ ხართ. ხოლო მე ქრისტჱს ბეჭედი მომიღებიეს და ქრისტჱს ტოზიკსა ვტოზიკობ, რამეთუ ქრისტჱს ბეჭდითა აღბეჭდულ ვარ და ბნელსა მაგას განშორებულ ვარ”.

და ვითარ ტოზიკი იგი გარდაიჴადეს, შეკრებეს იგინივე მეჯადაგენი და მეჴამლენი და ზრახვა-ყვეს წინაშე უსტამისა, მცხეთელ ციხისთავისა, და თქუეს: “აქა კაცი ერთი არს ჩუენისა რჩულისაგანი და ჩუენ თანა ტოზიკსა არა მოვიდის და ცეცხლი არა გამოსცის, და ჩუენსა რჩეულსაცა ჰგმობს და ჩუენ გუაგინებს და იტყჳს: “ვითარმედ მე ქრისტეანე ვარო”. ხოლო აწ შენ მოუწოდე და ჰკითხე, რამეთუ ამას ქალაქსა შინა ჴელმწიფე ხარ”.

და უსტამ, ციხისთავმან მცხეთისამან, ისმინა მათი ევსტათისთჳს და მიავლინა ერთი მჴედართაგანი მოწოდებად ნეტარისა ევსტათისა, და [ვითარცა მივიდა მჴედარი იგი] მრისხანედ ჰრქუა [ევსტათის]: “გიწესს შენ ციხისთავი”.

ხოლო წმიდაჲ ევსტათი მცირედ შებრკოლდა და უნდა მორიდებაჲ და მერმე განიზრახა და თქუა: “ესე მოყუასნი ჩემნი არიან, ამათგანღა შევიშინო, მერმე დიდთა მთავართა წინაშე ვითარ წარვდგე, არამედ მივიდე მისა და ცხადად აღვიარო ქრისტე, რამეთუ მასმიეს წმიდისა ევანგელჱსაგან, ვითარ-იგი თქუა: “რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, აღვიარო მეცა იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა, და რომელმან უარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა, რომელ არს ცათა შინა”. და დაიწერა ჯუარი შუბლსა და გულსა და თქუა: “უფალი ჩემ თან[ა] ა[რს]”.

და მოვიდა იგი ნეტარი ევსტათი და წარმოდგა წინაშე უსტამ ციხისთავისა მცხეთელისა, და მწოდებელმან მან ჰრქუა უსტამს: “ესე არს ჩუენისა რჩულისა მომაგინებელი”. და მიხედა ციხისთავმან მან ნეტარსა ევსტათის და ჰრქუა: “შენ გეტყჳ, კაცო, მითხარ მე, რომლისა სოფლისაჲ ხარ, ანუ რომლისა ქალაქისაჲ, ანუ რომელი რჩული გიპყრიეს?”.

ხოლო წმიდამან ევსტათი ჰრქუა მას: “მე სოფლისა სპარსეთისაჲ ვიყავ, ჴევისა არშაკეთისაჲ, ქალაქისა განძაკისაჲ ვიყავ. მამაჲ ჩემი მოგჳ იყო და მეცა მოგუებასა მასწავებდა, და მე მოგუებაჲ არა თავს ვიდევ, რამეთუ განძაკს ქალაქსა ქრისტეანენი უფროჲს არიან და ებისკოპოსი და მღდელნი და მათგანღა ყოველსა ზედა მივიწიე, რამეთუ უფრო[ჲს] არს ყოველსა რჩულსა ქრისტეანობაჲ, ვიდრე უღმრთოებაჲ. და აწ მე ქრისტე მრწამს და ქრისტჱს მსახურებასა შინ ვარ”.

ხოლო უსტამ ციხისთავმან ჰრქუა მას: “არავინ გიტეოს ქრისტჱს მსახურ ყოფად და, თუ მშჳდობით არა განუტეო სიცოფჱ ეგე შენი, ტანჯვაჲ დიდი მოიწიოს შენ ზედა”. ხოლო წმიდამან ევსტათი ჰრქუა: “არა ხოლო თუ ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტჱს სიყუარულისათჳს, არამედ სიკუდიდცა თავი ჩემი არა მეწყალის”.

ვითარ იხილა უსტამ გულს-მოდგინედ დამტკიცებაჲ ნეტარისა ევსტათისი, განიზრახა და თქუა: “ამის კაცისა პატიჟი მე არარაჲ ჴელ-მეწიფების, არცა აღბმაჲ ძელსა, არცა პყრობილებაჲ, არამედ წარუძღუანო ეგე ტფილის ქალაქსა არვანდ გუშნა[ს]პს, ქართლისა მარზაპანსა, და რაჲ-იგი შეჰგვანდეს, მან უყოს, რამეთუ ყოვლისა კაცისა ქართლს მას ჴელ-ეწიფების სიკუდილი და ცხორებაჲ”.

და უბრძანა უსტამ ციხისთავმან მცხეთისამან ორთა მჴედართა წარყვანებაჲ ნეტარისა ევსტათისი ტფილის[ს]. და შეკრბეს იგივე მეჯადაგენი და მეჴამლენი და მოვიდეს უსტამისა და ჰრქუეს: “არიან აქა სხუანიცა ჩუენისა რჩულისანი და იგინიცა ქრისტეანე არიან და მათიცა ბრძანე მოწოდებაჲ და ტფილის[ს] მათიცა წარყვანებაჲ”.

ხოლო უსტამ ჰრქუა მათ: “ვინ არიან იგინი”?!. და მათ უთხრეს სახელები მათი და ჰრქუეს: “ერთსა გუშნაკ ჰრქჳან, ერთსა ბახდიად, ერთსა ბორზო, ერთსა პანაგუშნასპ, ერთსა პეროზაკ, ერთსა ზარმილ, ერთსა სტეფანე”.

და უბრძანა უსტამ მოწოდებაჲ მათი, ხოლო განკითხვაჲ მათი არარაჲ-ყო, გარნა ამათ რვათა-ვე შეკრვაჲ ბრძანა და წარცემაჲ ტფილის[ს] არვანდ გუშნასპს, მარზაპანსა ქართლისასა, და ესრეთ მიჰრქუა:” ესე კაცნი ჩუენისა რჩულისანი იყვნეს, და აწ ქრისტეანეთა რჩული უპყრიეს. ხოლო მე შევიპყრენ და შენ, უფალსა, მიგიძღუანენ, რამეთუ შენ ჴელ-გეწიფების მაგათი განკითხვაჲ”.

III. და წარადგინნეს ესე რვანივე წინაშე მარზაპანსა, ხოლო მან ჰრქუა მათ: “ვინანი ხართ, ანუ რომელი რჩული გიპყრიეს”? და მათ უთხრეს კაცად-კაცადმან სოფელი თჳსი და დაბაჲ თითოეულისაჲ და ჰრქუეს ყოველთა: “მამულსაღა ზედა რჩულსა ვიყვენით, სპარსთა რჩული ვიცოდეთ, ხოლო რაჟამს ქართლად შემოვედით და ქრისტეანეთა რჩული ვიხილეთ, ქრისტეანე ვიქმნენით და აწ ქრისტეანე ვართ, რამეთუ ქრისტეანეთა რჩული წმიდა და სურნელ არს და ფრიად კეთილ და შუენიერ არს, ხოლო სხუაჲ რჩული ვერ ესწორების რჩულსა ქრისტეანეთასა”.

ხოლო სიტყჳს მიმგებელ იყო მათ შორის მსაჯულისა მიმართ ნეტარი ევსტათი. და ვითარ ესმნეს ესევითარნი სიტყუანი მათგან, გული განუწყრა და უბრძანა მსახურთა თჳსთა პირსა ცემაჲ ნეტართაჲ მათ და გარე განყვანებაჲ მათ ყოველთაჲ და უბრძანა: “დაჰყჳნეთ მაგათ თავი და წუერი და განუჴურიტენით მაგათ ცხჳრნი, და ჯაჭჳ დასდევით ქედსა მაგათსა და ბორკილნი შეუსხენით ფერჴთა და შესხენით ეგენი საპყრობილესა, და, თუ ვინმე აღიაროს მაგათგანმან მამული რჩული, განუტევეთ და ჩემდა მოაწიეთ და მე განვამდიდრო იგი ბოძითა დიდითა, ხოლო რომელმან მამული რჩული არა აღიაროს, იგი სპყრობილესა შინა მოკუედინ”.

და ვითარ ესმა მარზაპნისა სიტყუაჲ იგი, “რომელმან აღიაროს მამული რჩული, იგი ვაცხოვნო, და რომელმან არა აღიაროს, საპყრობილესა შინა მოკუედინო”, მას ჟამსა ეშმაკი შეუჴდა გულსა ბახდიადისსა და პანაგუშნასპისსა და უარ-ყვეს ქრისტე და უღმრთოებაჲ აღიარეს. ხოლო მათ ნაწილი ჯუარის-მცუმელთა თანა მიიღეს, ხოლო ნეტარი ევსტათი და გუშნაკ და ბორზო და პეროზაკ და ზარმილ და სტეფანე, გულს-მოდგინედ და მტკიცედ დგეს სარწმუნოებასა ზედა ქრისტჱსსა. და ვითარ უთხრეს მარზაპანსა მას, ვითარმედ ორთა მათგანთა აღიარეს მამული რჩული, განიხარა მარზაპანმან და ბრძანა შეყვანებაჲ მათი, და ინაჴით დაისხნა იგინი და უქადებდა მათ საფასესა დიდსა და კეთილად პყრობასა. ხოლო ნეტარისა ევსტათისი და სხუათა მოყუასთა მისთაჲ ბრძანა თავისა და წუერისა დაყუენაჲ და ჯაჭვსა ქედსა დადებაჲ და ბორკილითა საპყრობილესა შესხმაჲ მათი. ხოლო მსახურთა მათ აღასრულეს ბრძანებაჲ მარზაპნისაჲ მის და დაყჳნნეს იგინი თმითა და წუერითა, და ჯაჭჳთ დაბორკილნი საპყრობილედ შეყარნეს. ხოლო ბახდიადს და პანაგუშნასპს ნუგეშინის სცა და განუტევნა იგინი, ხოლო საფასესა და კეთილსა, რომელსა უქადებდა მათ, არცა ფსირიდი ერთი მისცა მათ.

ხოლო წმიდაჲ ევსტათი და სხუანი იგი მოყუასნი მისნი პყრობილ ყვნეს ვითარ ექუს [თ]თუე ოდენ. და შემდგომად ექუსისა [თ]თჳსა მწოდებელი სპარსთა მეფისაჲ მოიწია არვანდ გუშნა[ს]პისა. და ვითარ წარემართებოდა მარზაპანი იგი მეფისა[ჲ] მის, შეკრბეს ქართლისა მთავარნი, მარზაპნისა მის ჯმნად მოვიდეს.

რაჟამს ამჴედრდებოდა მარზაპანი იგი, აღდგეს მთავარნი ქართლისანი და სამოელ ქართლისა კათალიკოზი და გრიგოლ ქართლისა მამასახლისი და არშუშა ქართლისა პიტიახში და სხუანი სეფეწულნი და მარზაპანსა ჰრქუეს: “ვევედრებით შენსა მაგას უფლებასა, სათხოველსა ერთსა გთხოვთ”. ხოლო მან ჰრქუა მათ: “თქუთ რაჲცა გნებავს, რაჲცა იყო რომელი თქუენ არა მიგმადლე!”. ხოლო მათ ყოველთა ჰრქუეს: “გევედრებით შენ, ჯერ-გიჩნდინ შენ, უფალო, განტევებაჲ კაცთაჲ მათ, რომელნი იგი მცხეთელნი ქრისტეანობისათჳს საპყრობილედ მიცემულ არინ”. ჰრქუა მათ მარზაპანმან მან: “იგი კაცნი მოსაკლავად შეჰგუანდეს, ხოლო თქუენითა ოხითა განუტევნე ეგენი”. ხოლო მათ მადლი მისცეს მას, და უბრძანა განტევებაჲ მათი და გამოიყვანნეს იგინი მიერ საპყრობილით და მოვიდეს იგინი ვანად თჳსა. ქრისტეანობით და სათნოდ ღმრთისა ცხოვნდებოდეს ნეტარნი იგი. და რომელმანმე მათგანმან ნებითა ღმრთისაჲთა შეისუენა ჟამად-ჟამად და რომელნიმე ცოცხალ არიან.

ხოლო რომელთა-იგი უვარ-ყვეს ქრისტე, ბახდიად ეშმაკეულ იქმნა და ძნელად მოკუდა, ხოლო უბადრუკი პანაგუშნასპ გლახაკობითა აგნა დღენი, რომელსა პური საჭმლად არა აქუნდა და ჴორცთა საფარველი სამოსლად არა ჰქონდა, და ვიდრე იგი ცოცხალ იყო, ურვით და ჭირით იყვნეს დღენი მისნი.

IV. და შემდგომად სამისა წლისა, შემოვიდა ვეჟან ბუზმირ ქართლისა მარზაპნად. და წარვიდეს სპარსნი მცხეთით, შემასმენელნი ნეტარისა ევსტათჱსნი, ტფილისს, და წარდგეს წინაშე ვეჟან ბუზმირ მარზაპნისა და ჰრქუეს: “კაცნი არიან მცხეთას ჩუენისა რჩულისანი და განდგომილ არიან იგინი ჩუენგან და ქრისტეანობენ, აწ განკითხვაჲ მათი თქუენ ჴელ-გეწიფების”. და უბრძანა ვეჟან ბუზმირ ორთა მჴედართა წარსლვაჲ და მოწოდებაჲ წმიდისა ევსტათისი და სტეფანჱსი. და ვითარცა მივიდეს მჴედარნი იგი, ჰრქუეს ევსტათის და სტეფანეს: “გიწესს თქუენ მარზაპანი”. და [მათ] ჰრქუეს: “მოვალთ თქუენ თანა, არას ვიურვით, არცა გუეშინის”.

და ვითარ წარემართებოდეს ევსტათი და სტეფანე ტფილის[ს], ჰრქუა ევსტათი სიდედრსა თჳსსა, და ცოლსა და შვილთა თჳსთა და მონა-მჴევალთა თჳსთა: “ჯმნულმცა ვარ მე თქუენგან, რამეთუ მე აქა არღარა მოქცევად ვარ და ქრისტე მე არა უვარ-ვყო და მათ მე არღარა განმიტეონ ცოცხლებით, ხოლო სიკუდილი ჩემი ტფილის[ს] ყოფად არს საპყრობილესა და თავი მოკუეთად არს ჩემდა, ხოლო გუამი ჩემი მოიწიოს აქავე ნებითა ღმრთისაჲთა”.

და ვითარცა ესე ჰრქუა, იჯმნა ყოველთაგან და მათ ყოველთა დაიწერეს ჯუარი და წარემართნეს ტფილის[ს], იგი და სტეფანე მჴედართა მათ თანა. ხოლო სახლეულნი, ნათესავნი და თჳსნი მოსტიროდეს უკუანა და ვითარ წიაღ-ჴდეს ველად და მიიწინეს წინაშე ჯუარსა მცხეთისასა, აღიპყრნა ჴელნი წმიდამან ევსტათი და თქუა: “უფალო, ღმერთო იესუ ქრისტე, უკუეთუ ღირს მყო მე სიკუდილსა სახელისა შენისათჳს ქრისტეანებით, ჴორცთა ჩემთაჲ ნუ ჯერ გიჩნს განგდებაჲ გარე და შეჭმაჲ ძაღლთაჲ და მფრინველთა ცისათაჲ, არამედ ჴორცთა ჩემთაჲ ბრძანე აქავე მოქცევაჲ და დამარხვაჲ მცხეთას, სადაცა ნათელ-მიღებიეს”.

ვითარცა ესე სიტყუაჲ თქუა ნეტარმან ევსტათი, ჯუარსა თაყუანის სცა და იჯმნა კრებულისა მისგან, და წარემართნეს ტფილის[ს]. და ვითარცა მივიდეს მჴედარნი იგი, წარუდგინეს ევსტათი და სტეფანე წინაშე ვეჟან ბუზმირ მარზაპნისა და ჰრქუეს: “ესე არიან ახალ ქრისტეანენი იგი მცხეთელნი”. ხოლო ვეჟან ბუზმირ ჰრქუა ევსტათის და სტეფანეს: “ვინანი ხართ ანუ რომელი რჩული გიპყრიეს”? და აღდგეს ასურნი მთავარნი კაცნი სტეფანჱსთჳს და ჰრქუეს: “ესე კაცი ჩუენ ვიცით, ჩუენი მდაბური არს, მამაჲ და დედაჲ და ძმანი და დანი მაგისნი ქრისტეანე არიან, და ეგეცა ქრისტეანე არს”. ხოლო სტეფანე მათითა მით სიტყჳთა განუტევეს, ხოლო წმიდასა ევსტათის ჰრქუა: “შენ ვინაჲ ხარ, ანუ რომლითა რჩულითა სცხოვნდები?»

წმიდამან ევსტათი თქუა: “უკუეთუ მკითხავ, ისმინე გულს-მოდგინედ და გითხრა შენ ყოველი: მე ვიყავ ქუეყანისა სპარსეთისაჲ, ჴევისა არშაკეთისაჲ, ქალაქისა განძაკისაჲ. და მამაჲ ჩემი მოგჳ იყო და ძმანი ჩემნი მოგუნი იყვნეს, და მეცა მამაჲ მოგუებასა მასწავებდა. ხოლო მე მამული რჩული არა მიყუარდა და ვთქუ გონებასა: ესე რჩული არა მიყუარს, აწ ჰურიათაჲცა ვისმინო და ქრისტეანეთაჲცა, და რომელი უკეთჱს იყოს, იგი რჩული შევიყუარო. და დღისი მამაჲ ჩემი მოგუებასა მასწავებნ და ღამეღა ქრისტეანეთა დაჰრეკიან, ეკლესიად მივიდი და ვისმენდი ჟამობასა მას მათსა და ვხედავდი მსახურებასა მას ქრისტეანეთასა, რომელსა ჰყოფდეს ღმრთისათჳს. და ჰურიათა თანაცა ბაგინად შევიდი და მათსაცა მას მსახურებასა ვჰხედევდი. ხოლო ქრისტეანეთა ლოცვასა ჴმაჲ მათი, ვითარცა ჴმაჲ ანგელოზისაჲ, მესმინ და ფრიად სურნელ არს და ჰამო ჟამობაჲ მათი. ხოლო ბაგინად ღამე შევიდი ჰურიათასა, ვერაჲ ვცნი, რასა იტყჳედ. და მერმე კუალად შევედ [ეკლესიად] და მომეახლა მე სამოელ არქედიაკონი და რჩულის მეცნიერი და მრქუა მე: “რაჲსა შემოხუედი შენ ეკლესიად ესრე გულს-მოდგინედ”? - ხოლო მე ვარქუ მას: “უფალო, შენცა მიცი, ვინ ვარ მე, არამედ არა მიყუარს მე რჩული ესე მამული ჩემი და მინებს ვინმცა მაცნო რჩული ჰურიათაჲცა და ქრისტეანეთაჲცა, რომელიმცა რჩული უწმიდე იყო, იგიმცა შევიყუარე”.

მაშინ სამოელ არქედიაკონმან მრქუა მე: “უკუეთუ გინებს ჭეშმარიტად ცნობაჲ, ორივე რჩული მე გითხრა შენ კეთილად. ხოლო გამორჩევაჲ არა შენი არს, არამედ ვითარცა უფალმან გიბრძანოს”. ხოლო მე ფრიად ვევედრე და ვარქუ მას: “რომლითა ღმრთისა სათნო ვიყო, იგი მინებს რჩული პყრობად და იგიცა მიბრძანე”. ხოლო სამოელ არქედიაკონმან იწყო თხრობად და მრქუა მე: “გულს-მოდგინედ ისმინე, ჵ ძმაო! წინაჲთ სპარსთა რჩული იყო, ვითარცა შენ თჳთ იცი, ხოლო ღმერთსა სძაგდა რჩული იგი სპარსთაჲ და არა სთნდა, და მერმე ჰურიანი გამოირჩინა ღმერთმან და სათნო იყვნა და მისცა მათ რჩული და მცნებაჲ დამარხვად. მაშინღა ქრისტეანენი სათნო იყვნა ღმერთმან უფროჲს ჰურიათაჲსა”. და მერმე ვევედრე სამოელს არქედიაკონსა და ვარქუ: “უფალო, ნუ გეწყინებინ და კეთილად მაცნობე”. და მერე ვჰკითხე: “უფალო, ჰურიანი ვიეთნი იყვნეს, ვინაჲ მოვიდეს და შეიყუარნა იგინი ღმერთმან”? - მაშინ მრქუა მე სამოელ არქედიაკონმან: “თხრობაჲ ეგე ჰურიათაჲ დიდ არს, ძმაო, ხოლო თუ განჰმარტნე სასმენელნი შენნი და გულს-მოდგინედ ისმენდე, მეცა უწყინოდ ყოველი გითხრა და გამცნობო შენ.

V. კაცი ერთი იყო უბიწოჲ და ღმრთის მოყუარე სოფელსა სპარსთასა და ქალაქსა ბაბილონელთსა, და სახელი ერქუა მას აბრაჰამ. და ეჩუენა მას ღმერთი ჩუენებასა ღამისასა და ჰრქუა აბრაჰამს: - “გამოვედ შენ მაგიერ ქუეყანით და წარგიყვანო შენ სხუად ქუეყანად და განგამრავლო შენ და აღგაორძინო შენ დიდად ფრიად და გყო შენ მამად ნათესავთა მრავალთა და ერთა ურიცხუთა. ხოლო აბრაჰამს ჰრწმენა სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ და თქუა აბრაჰამ: “იყავნ, უფალო, ჩემ ზედა სიტყუაი ეგე შენი”! და გამოვიდა აბრაჰამ ქუეყანისა მის[გან] ქალდეველთაჲსა და მოვიდა ქუეყანად შუამდინარედ, ქალაქად [ქარანდ] მახლობელად ევფრატსა. მოვიდა იგი წინამძღურებითა ანგელოზისაჲთა და დაეშჱნა იგი [ქარანს] შინა, და მერმე ცვალა იგი მუნით და მოიყვანა იგი ქუეყანად ქანანისად და დაეშჱნა იგი ქებრონს შინა. და ესუა აბრაჰამს ისაკ და ისაკს იაკობ. და იაკობს ესხნეს ათორმეტნი ძენი, და უბრძანა ღმერთმან აბრაჰამს და ჰრქუა: “წინა-დასცჳთე ისაკს და იაკობს და ყოველთა ძეთა იაკობისთა, და იყავნ იგი თქუენდა რჩულად საუკუნოდ”.

და აბრაჰამ-ყო ეგრეთ, ვითარცა უბრძანა მას ღმერთმან. და აღორძინდეს და განმრავლდეს ნათესავნი აბრაჰამისნი დიდად ფრიად. ესე არიან ჰურიანი. და უყვარდეს ღმერთსა ჰურიანი დიდად ფრიად, ვითარცა უყუარნ მამასა საყუარელი შვილი. და უწოდა ჰურიათა სახელი ისრაჱლ, ხოლო ისრაჱლი გამოითარგმანების: “ერი ღმრთისაჲ». და განადიდნა და განავრცნა ერი იგი ღმრთისაჲ ისრაჱლი. და გარდამოჴდა ღმერთი ზეცით ქუეყანად და მოვიდა თხემსა ზედა მთისა სინაჲსასა, და დაწერნა ღმერთმან ჴელითა თჳსითა ფიცართა ქვისათა რჩული და მცნებაჲ ესრეთ:

პირველი მცნებაჲ ესრეთ: შეიყუაროთ უფალი ღმერთი თქუენი ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა სულითა თქუენითა და ყოვლითა გონებითა თქუენითა. და მერმე ესე: ნუ კაც ჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ ისიძავ, ნუ გული გითქუამს ცოლსა მოყუსისა შენისასა, ნუ ცილსა ჰფუცავ, ნუ ცილსა სწამებ, ნუ ორსა სიტყუასა იტყჳ, თავუყავ მამასა შენსა და დედასა შენსა. შეიყუარე მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. შაბათნი ჩემნი დაიმარხნეთ, დღესასწაულნი და შესაწირავნი და უქმნელებანი აღასრულნეთ. ესე რჩული და მცნებაჲ დაწერა ღმერთმან და მოსცა მოსეს, მონასა თჳსსა. და მოსე მოიხუნა ფიცარნი იგი და აღმოუკითხნა ყოველსა ისრაჱლსა. და განიხარა ყოველმან ისრაჱლმან და თქუა: - “ყოველი, რაჲცა გჳბრძანა უფალმან, ვყოთ და აღვასრულოთ, გარნა უფალი იყავნ ჩუენ თანა. და ამაღლდა უფალი ზეცად”. და ვითარცა ესე რჩული ისმინეს ჰურიათა, შესწირვიდეს შესაწირავთა და საკუმეველსა და მსხუერპლსა და შაბათთა იმარხვიდეს და ღმერთი იყო მათ თანა. და მას ჟამსა უცხო-თესლნი შეკრბეს და ზედა-მოუჴდეს ისრაჱლსა. ხოლო ღმერთმან ჴელითა ერთისა კაცისაჲთა წარდევნა იგინი, რომელიმე მოკლეს და რომელიმე ტყუედ უკ-მოიყვანეს და რომელიმე მეოტად წარიქციეს და ესრეთ მტერთაგან უშიშ იქმნნეს, რამეთუ ღმერთი იყო მათ თანა.

და მერმე რავდენთამე ჟამთა მეფჱ ითხოეს ყოველმან ისრაჱლმან ღმრთისაგან, რაჲთა ჰბრძოდის იგი მტერთა მათთა, და უბრძანა მათ ღმერთმან მეფჱ და განაგო ღმერთმან წესი შარავანდედობისაჲ. და შემდგომად რავდენთამე დღეთა მოიკლა მეფჱ იგი ღუაწლსა შინა, რამეთუ აღეღო თავი თჳსი და ესვიდა იგი ძალსა თჳსსა და არა ღმერთსა მისსა.

შემდგომად დავით მეფობდა, ხოლო დავით იყოვე საყუარელი ღმრთისაჲ და ღმერთი დავითს უყუარდა და დავით აღასრულნა საკუერთხნი და შესაწირავნი და მსხუერპლნი და დღესასწაულნი და შაბათნი კეთილად აღასრულნა. შემდგომად მისა ძჱ მისი სოლომონ მეფობდა და განდრკა იგი ღმრთისაგან, და განდგა ერი იგი ღმრთისაგან და ჰმსახურებდეს კერპთა ყრუთა, ჴელით-ქმნულთა, და ქვათა უსულოთა, ხეთა და მაღალთა სერტყთა მწუერვალთა ხეთასა და ღმერთი უარ-ყვეს. და წინაჲსწარმეტყუელნი ღაღადებდეს და ეტყოდეს: “არა ჯერ არს ღმრთისა ცხოველისა დატევებაჲ და ქვათა, გინა სხუათა რათმე მსახურებაჲ. აწ ესრე მოავლინოს ღმერთმან თქუენ ზედა სიკუდილი და სიყმილი და მახჳლი და ტყუეობაჲ და ეგრეთ აღგჴოცნეს თქუენ. - და მათ არა უნდა სმენად ჴმაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელთაჲ მათ, რამეთუ განბორგებულ იყო ერი იგი ისრაჱლისაჲ. და ბრძანეს მოწყუედაჲ მათ წინაჲსწარმეტყუელთაჲ, რომელნიმე მახჳლითა, რომელნიმე ცეცხლითა, რომელნიმე ხერხითა განხერხნეს, რომელნიმე მჴეცთა მისცნეს და რომელნიმე მღჳმესა შთააგდეს, რომელნიმე ქვითა განტჳნნეს.

VI.ხოლო ღმერთი ტკბილ არს და კაცთა-მოყუარე, არა უნდა წარწყმედაჲ ისრაჱლისაჲ და უნდა მოქცევაჲ მათი. მოავლინა ღმერთმან ძჱ თჳსი ქრისტე სოფლად და შევიდა მუცელსა წმიდისა ქალწულისასა და ჴორცნი შეისხნა და განკაცნა წმიდისა მარიამისაგან, და საშოჲსაგან წმიდისა გამოვიდა და ღმრთეებაჲ ჴორცითა გადაიფარა. უკუეთუმცა ღმრთეებაჲ ჴორცითა არა დაეფარა, კაციმცა ვერ მიეახლა ღმერთსა. რამეთუ მზჱ ქმნილი ღმრთისაჲ არს და თუალნი ვერვინ შეუდგნის და სიმრგულჱ მზისაჲ ვერვინ განიცდის. ღმრთეებასაცა კაცი ვერ მიეახლა, ამისთჳს ჴორცნი შეისხნა, რაჲთამცა ისრაჱლი მო-ვითარ-აქცია ღმრთისა ცხოველისა. და განკაცებასა მის[ს]ა ნათელ-იღო იორდანესა მდინარესა ჴელითა იოვანჱსითა. და ვითარ აღმოვიდოდა მიერ წყლით, აჰა ცანი განეხუნეს და სული წმიდაჲ, ვითარცა ტრედი, გარდამოჴდა სპეტაკი და დაადგრა მას ზედა და ჴმაჲ იყო ზეცით-გარდამო და თქუა: “ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ და სცხოვდნეთ”.

და ვითარ შევიდა იერუსალჱმად, იწყო სასწაულთა საქმედ და ნიშნები და კურნებანი. ოცდაათურამეტისა წლისა სნეული იდვა ცხედარსა ზედა, იხილა და სიტყჳთ უბრძანა - “აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე”, და მუნქუესვე აღდგა და ვიდოდა ცოცხალი და ადიდებდა ღმერთსა.

მერმე შობითგანი ბრმაჲ პოვა და თიჴაჲ შექმნა ნერწყჳთა და თუალთა მისთა დაჰგოზა და უბრძანა მას მობანაჲ წყლითა, და აღეხუნეს თუალნი ბრმასა მას. და მკუდარნი აღადგინნა და მკელობელნი ავლინნა და კეთროანნი განწმიდნა და მრავალნი კურნებანი ყვნა ქრისტემან მათ შორის, რაჲთამცა ჰრწმენა ჰურიათა და მოიქცეს ღმრთისა ცხოვლისა, და უნდა, რაჲთამცა არა განითხინეს ღმრთისაგან.

ხოლო ჰურიანი იგი უფროჲს ხოლო აღბორგდეს და შური დიდი აღიღეს ქრისტჱსთჳს და უნდა მოკლვაჲ მისი. ხოლო ქრისტემან მიჰრიდა მათ და გარე სოფლებსა და დაბნებსა იქცეოდა მუნ. და რომელთა ჰრწმენა ქრისტჱსი, უკუანა შეუდგეს მას. და განვიდოდა დაბასა ერთსა და გამოაქუნდა მკუდარი იამავრი, ძჱ ქურივისაჲ, და ვითარცა იხილა იგი, უბრძანა და დადგეს ცხედარი იგი. და უპყრა ჴელი ყრმასა მას და მისცა დედასა თჳსსა ცოცხალი.

მერმე განვიდოდა დაბასა ერთსა, შეუდგა მას ერი მრავალი და სიმრავლითა მით ერისაჲთა წინა-უკუნ ვერ შეუძლეს მიღებად განრღუეულისა, და სართული სახლისაჲ აღსძარცუეს და მიერ ცხედრითა შთაუტევეს. და აღადგინა იგი და თჳსითა ფერჴითა წარვიდა სახიდ თჳსა. და ერი მრავალი შეუდგა მას და ადიდებდეს ღმერთსა. ხოლო ერისა მისგანნი ათორმეტნი გამოირჩინა კაცნი, და უწოდა მათ მოწაფე, და რასაცა უბრძანებდა მათ, მასცა იქმოდეს.

და შევიდა დაბასა ერთსა. იყო მუნ ქორწილი. და შევიდა იესუ საქორწინესა მას, და ღჳნოჲ არა იყო მუნ, რამეთუ მოლეულ იყო, და ტაკუკნი ცარიელნი დგეს მუნ. მაშინ უბრძანა იესუ მოწაფეთა მათ წყალი მოღებად, და ტაკუკნი აღავსნეს წყლითა და აკურთხა წყალი იგი ქრისტემან და იქმნა ღჳნო უჰამოვნეს პირველისა მის ღჳნისა, და მრავალთა უკჳრდა, ჰრწმენა მისი და შეუდგეს მას.

და მერმე დედაკაცი ათორმეტ წელ წიდოვნებასა შინა იყო და მოვიდა იდუმალ ზურგით კერძო იესუჲსა და უპყრა ფესუსა სამოსელისა მისისასა და განწმიდა იგი.

და მერმე მოვიდოდა ქრისტე ადგილსა ერთსა, და იყო მუნ ველი შუენიერი და მოხედა ერსა მას, რომელი იგი უკუანა შეუდგა მას. და ჰრქუა მოწაფეთა მათ: “ერი ესე, ესოდენი დღჱ არს, ვინაჲთგან უზმა არიან, და მეწყალის; წარვედით ქალაქად და იყიდეთ პური და ეცით ერსა მას”. ხოლო ქრისტემან ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: “თქუენგანსა არავის გაქუს პური აქა”? და ჰრქუა ერთმან მოწაფეთაგანმან: “მე მაქუს ხუთი პური და ორი თევზი”. ჰრქუა ქრისტემან: “მომართჳთ იგი აქა”. და ვითარცა მოართუნეს ხუთნი იგი პურნი და ორნი თევზნი, უბრძანა ქრისტემან ერისა მის დასხმაჲ ქუეყანასა ზედა, და აღიპყრნა ზეცად ხუთნი იგი პურნი და ორნი თევზნი, აკურთხნა და განტეხნა და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, და მოწაფენი იგი მისცემდეს ერსა მას. და ერმან მან ჭამა და განძღა და ათორმეტი გოდორი სავსჱ აღიღეს ნეშტი. ხოლო ერი იგი, რავდენთა ჭამეს, იყვნეს ვითარ ხუთათას, გარნა ყრმებისა და დედებისა.

მაშინ უბრძანა ქრისტემან ერსა მას ჴმელით ქუეყანით მოსლვაჲ ხოლო ქრისტე და მოწაფენი მისნი განვიდოდეს ზღუასა მას, ვითარცა ჴმელსა, და ფერჴნი მათნი არა დაილტვნეს. და ვითარცა განჴდეს ჴმელად და მოემთხჳა კაცი ერთი, რომლისა თანა იყო ლეგეონი ეშმაკი, ღაღად-ყო და თქუა: “ქრისტე, შემეწიე მე, რამეთუ ბოროტად ვიგუემები”, ხოლო ქრისტემან შეჰრისხნა ლეგეონსა მას ეშმაკსა და განვიდა მისგან და ადიდებდა ღმერთსა, ხოლო ეშმაკი იგი ღაღადებდა და თქუა: “ქრისტე, გიცი შენ ვინ ხარ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ, ჩემდა ხოლო მოხუედ წარწყმედად”. ხოლო ქრისტემან უბრძანა ქუეყანასა განეღო და დანთქა ეშმაკი იგი და შთაჴდა ჯოჯოხეთად ქუესკნელად.

და მერმე მოვიდა დაბასა მას, რომელსა სახელი ერქუა ბეთანია, სადა ლაზარე მომკუდარ იყო ოთხით დღით წინა მისა, და იდვა იგი სამარესა შინა. და მივიდა ქრისტე კარსა მის სამარისასა, ჴმა-ყო და თქუა: “ლაზარე, გამოგუალე”! და ერთითა მით ჴმითა ქრისტჱსითა იგი სამარისაგან გამოვიდა მხიარული. და უკჳრდა ერსა მას და უფროჲს განმრავლდა ერი იგი სარწმუნოებითა დიდითა.

ამისა შემდგომად აღვიდა ქრისტე იერუსალჱმდ და შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და იხილა მუნ შინა სავაჭროჲ დაგებული და ჰყიდდეს, და აღიღო ქრისტემან შოლტი და გამოასხა კაცები იგი და გამოუბნია სავაჭროჲ იგი და დაამჴუა ტაბლები იგი და თქუა: “ესრე წერილ არს, სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქუენ ვითარცა ქუაბი ავაზაკთაჲ გიყოფიეს”. და მერმე თქუა: “დავარღჳო ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღვაშჱნო ეგე”. და ვითარცა ესმა ესე ჰურიათა მათ, განრისხნეს ფრიად და თქუეს: “ჩუენ ვიცით მამაჲ მისი იოსებ და დედაჲ მისი მარიამ, და ძმანიცა უსხენ. ხოლო თავსა თჳსსა ძედ ღმრთისად გამოაჩინებს და ტაძარსა ღმრთისასა მამულად იჩემებს”. და მერმე თქუეს: “სოლომონ ორმეოცსა წელსა აღაშჱნა [ტაძარი ესე] და იგი იტყჳს დარღუევად და მესამესა დღესა აღშჱნებად”. ამის სიტყჳსათჳს გული განიწყეს ჰურიათა მათ შური გულსა დაიდვეს და იზრახეს შეპყრობაჲ მისი და მოკლვაჲ.

და შეიპყრეს ქრისტე და მოიყვანეს წინაშე მღდელთ-მოძღუართა მათ და მოხუცებულთა. და ქრისტეს ჰრქუეს მღდელთ-მოძღუართა მათ და მოხუცებულთა: “შენ ვითარ თავსა შენსა ძედ ღმრთისად გამოაჩინებ, ძჱ ღმრთისაჲ ხარა შენ”? ხოლო ქრისტემან ჰრქუა მათ: “ეგე თქუენ სთქჳთ”.

და მერე ჰრქუეს ქრისტესა: “სოლომონ ორმეოც წელ აღაშჱნა ტაძარი ესე და შენ სთქუ, დავარღჳო და სამსა დღესა აღვაშჱნო ეგეო”. მაშინ ქრისტემან ჰრქუა: “მე ჴელ-მეწიფების დარღუევად და მესამესა დღესა აღშჱნებად”. მაშინღა განრისხნეს ჰურიანი იგი და აღტეხნეს და აღაშფოთეს ერი იგი ჰურიათაჲ და თქუეს: “მოსაკლავად შეჰგავს კაცი ესე”! და მოუჴდეს ქრისტესა ზედა, და იწყეს ცემად და კიცხევად მისა, და რომელიმე სცემდა ჴჳრთითა თავსა მისსა და რომელიმე ლერწმითა სცემდა თავსა მისსა წმიდასა, და რომელიმე სცემდა ყურიმალსა, და რომელნიმე ჰნერწყჳდეს პირსა მისსა ნათელსა. და აღჰმართეს ძელი და ჯუარს აცუეს ქრისტე და ძმარი და ნაღველი შეზავებული ასუეს ჯუარსა ზედა.

მაშინ თუალნი აღიხილნა ზეცად მამისა მიმართ და თქუა: “მამაო ჩემო, ყოველივე აღვასრულე და ისრაჱლმან არა ისმინა ჩემი და ესევითარი ტანჯვაჲ მოაწიეს ჩემ ზედა”. და მიიდრიკა თავი და აღმოუტევა სული, და მწრაფლ გარდამოიღეს მიერ ჯუარით. ხოლო კაცი ერთი იყო ჴელმწიფე, და მოწაფე ყოფილ იყო ქრისტჱსა. მან აღიღო გუამი ქრისტჱსი და დადვა ახალსა სამარესა, და ლოდი დი[დი] მიაგორვა კარსა ზედა სამარისასა. და მესამესა დღესა მსთუად ცისკარსა ოდენ ანგელოზი გარდამოჴდა ზეცით და გარდააგორვა ლოდი იგი მის საფლავისაგან. და ქრისტე აღდგა და გამოვიდა მიერ სამარით, და ეჩუენა ორთა მოწაფეთა და მარიამს და მაგდანელსა და სხუათა დედათა. და ჰრქუა მათ ქრისტემან: “არქუთ მოწაფეთა ჩემთა: წარვედით გალილეას თაბორად და მუნ მიხილოთ მე”. და ათორმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს სიხარულითა დიდითა მთასა თაბორსა, და იხილეს ქრისტე და თაყვანის[ს]ცეს და ამბორს უყვეს ფერჴთა მისთა წმიდათა. ხოლო ქრისტემან ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: “აწ არღარა გერქუას თქუენ მოწაფე, არამედ მოციქულ-გერქუას თქუენ. ხოლო მე აწ აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა”. ხოლო მოციქულთა მათ შთაჰბერა სული ცხოველი და ჰრქუა მათ: “მიიღეთ თქუენ სული ცხორებისაჲ და წარვედით თქუენ ქალაქებსა და სოფლებსა და დაბნებსა კიდითგან ვიდრე კიდემდე ქუეყანისა, და ჰყოფდით ნიშნებსა და სასწაულებსა და კურნებასა, და მოაქცევდით წარმართთა და ნათელს-სცემდით სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და ასწავებდით მათ ყოველივე, რავდენი გამცენ თქუენ, და მე ესერა თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა ცხორებისა თქუენისათა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდცა მისცემდით მათ”. და ქრისტე ამაღლდა ზეცად ანგელოზთა თანა, ხოლო ათორმეტნი იგი მოციქულნი წარვიდეს და მიმოვლეს გარემო სოფლებსა და ქალაქებსა და დაბნებსა და ახარებდეს და ქადაგებდეს ქრისტესა, აღდგომილსა მკუდრეთით, და ჰყოფდეს ნიშნებსა და სასწაულებსა და კურნებათა და მოიქცეოდეს და ნათელს იღებდეს სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა.

და ესრეთ განმრავლდა და განეფინა ქრისტეანობაჲ და განივრცნა კიდით ქუეყანისაჲთ ვიდრე კიდემდე ქუეყანისა. და ებისკოპოსნი და მღდელნი განაჩინნეს და ეკლესიანი აღაშჱნნეს. და მას შინა ჯუარი აღემართა, და ყოველსა სოფელსა ჰრწმენა ქრისტე. და აღივსო ყოველი სოფელი ქრისტეანებითა და ყოველსა სოფელსა იქადაგა ქრისტე. ჰურიათა მათ, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელნი იგი უთხრობდეს, ეგრეთცა მოიწია მათ ზედა: რომელნიმე მახჳლითა, რომელნიმე სიყმილითა, რომელნიმე სიკუდილითა მოსწყდეს და განილინეს და სხუანი ტყუეობითა განიბნინეს, რამეთუ არა დაიმარხეს რჩული ღმრთისა ცხოველისაჲ. ხოლო აწ ქრისტეანთა უწოდა ისრაჱლ, რამეთუ ისრაჱლი ითარგმნების “ერ ღმრთისა და მონა ქრისტჱსა”, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნით უკუნისამდე. ამჱნ”.

VII. მაშინ, ვითარცა გულისხმა-ვყავ და ვცან სამოელ არქედიაკონისაგან, დასაბამითგან ყოველი ვიდრე აქამომდე, და მივიწიე ყოველსა ზედა რჩულსა ჰურიათასა და ქრისტეანეთასა, მრწმენა მე ღმერთი დაუსაბამოჲ და ძჱ მისი, იესუ ქრისტე, და სული წმიდაჲ მისი. და ამით ნათელ მიღებიეს და ვერვინ განმაშოროს მე ქრისტჱსგან ვიდრე სულისა ჩემისა აღმოსლვად, ხოლო მამულისა ჩემისა რჩულისათჳს სიტყუავდე ზარმაც და მრცხუენისცა, რამეთუ ღმერთმან, რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, მზჱ და მთოვარჱ და ვარსკულავნი, ზღუაჲ და ჴმელი, მდინარენი და შესაკრებელნი წყალთანი, მთანი და ბორცუნი, ველნი და ტყენი, შეშაჲ და ცეცხლი, ოთხფერჴნი პირუტყუნი და მჴეცნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ცისანი და მერმე კაცნი შექმნა ღმერთმან. და მას ყოველსა ზედა უფალ-ყო იგი, და ყოველი ესე დაამორჩილა კაცსა მას, და ჩუენ ამის ყოვლისა შემოქმედი ღმერთი დაუტეოთ და ამას ღმრთისა დაბადებულსა ღმერთად ვხადოდითა? ნუ იყოფინ ესე! მზჱ და მთოვარჱ და ვარსკულავნი არა ღმერთი არიან, არამედ ღმერთმან მზესა განათლებაჲ დღისაჲ უბრძანა და მთოვარესა და ვარსკულავთა განათლებაჲ ღამისაჲ უბრძანა, ხოლო ღმერთ არა არიან. ღმერთმანღა ღრუბელსა უბრძანის და მოეფინის ბრწყინვალებაჲ მზისაჲ და მთოვარისაჲ დააბნელის. მზჱ და მთოვარჱ ამისთჳს არა ღმერთ არიან. მერმე კუალად ცეცხლი არა ღმერთ არს ამით, რამეთუ ცეცხლი კაცმან აღაგზნის და კაცმანვე დაშრიტის, რამეთუ კაცი უფალ არს ცეცხლისა, ამისათჳს არა ღმერთ არს ცეცხლი. თუ ვისმე განერის და წარვიდის, რასაცა მიჰმართის, გინა ტყესა, გინა ველსა. გინა სახლსა, თუ კაცი დახუდის, და-ვე-წჳს. ხოლო ცეცხლსაღა წყალი მიეხლის, ეგოდენი იგი ძალი ცეცხლისაჲ დაშრიტის და უჩინო იქმნის ცეცხლი იგი, ამით არა ღმერთ არს, ხოლო ჩუენ ღმრთად გურწამს.

ხოლო ჩუენ ღმერთმან ცეცხლი სამსახურებელად მოგუცა, ყინელისა განსატფობელად და ყოვლისა სანოაგისა საქმარად და, ოდეს გჳნებნ, [აღვაგზნით და ოდეს გჳნებნ] დავშრიტით, ესრჱთ არა ღმერთ არს ცეცხლი იგი.

მერმე ღმრთისა შექმნულნი კაცნი საცხოვართა პირუტყუთა მსგავს ვიყვენით. და ესრე სახედ, ვითარცა პირუტყუთა მამლობასა და დედლობასა არა იციან მშობელი, არცა შობილი მათგანი, და ეგრეთ აღრეულად გარდაიჴადიან მამლობაჲ და დედლობაჲ მათი, და ეგრეცა ჩუენ კაცნი პირმეტყუელნი მათ პირუტყუთა მსგავს ვიყვენით, რომელთა არა ვიცოდეთ მშობელი თჳსი, გინა შობილი, და აღრეულად გარდავიჴადით ბუნებაჲ იგი ჩუენი. ხოლო აწ მადლითა ღმრთისაჲთა, ვინაჲთგან, იქმნა ნათლისა-ღებაჲ და რჩული ქრისტეანობისაჲ, იციედ კაცთა, მიერითგან დაიჴსნა და განქარდა უწესოჲ იგი საქმჱ... ხოლო ამას გევედრები, უფალო ჩუენო, იესუ ქრისტე, რაჲთა გუამი ჩემი დაემარხოს მცხეთას სადაცა იგი ნათელი მოვიღე სამოელ კათალიკოზისა ჴელითა და ღირს ვიქმენ რჩულსა ქრისტეანეთასა. ამიერითგან ვერვინ განმაშოროს მე სიყუარულსა შენსა და სარწმუნოებასა და სურვილსა, ვითარცა წერილ არს: - “არცა ტანჯვათა, არცა გუემათა, არცა სიყმილმან საპყრობილესა შინა, არცა მახჳლმან, არცა სიკუდილმან ამათ ჴორცთა ჩემთამან შემიძლოს მე განყენებად შენდა, უფალო იესუ ქრისტე”.

მაშინ ჰრქუა მას ბუზმირ მაზაპანმან: “შვილო ჩემო ევსტათი, ისმინე ჩემი და ნუ დაიმცირებ დღეთა ცხორებისა შენისათა ქრისტეანებისათჳს და ნუ ქურივ სუამ ცოლსა შენსა და ობოლ შჳლთა შენთა და ნუ მოსწყდები მოყუათსა შენთა ამას ცხორებასა”.

ჰრქუა მას წმიდამან ევსტათი: “უწინარჱს შენსა სხუათა ჴელმწიფეთა მტანჯეს მე ფრიად და მგუემეს და არა დავემორჩილე მათ. აწ შენი ვირწმუნო? ნუ იყოფინ ეგე ჩემდა!”.

VIII. მაშინ, ვითარცა ცნა ბუზმირ მარზაპანმან დამტკიცებული და შეუძრველი გული და გონებაჲ ნეტარისა ევსტათისი და ვერ შინებითა და ტანჯვითა და ვერცა კეთილისა ქადებითა არწმუნა მამული რჩული პყრობად, უბრძანა მსახურთა: “წარიყვანეთ ეგე საპყრობილედ და იდუმალ ღამით თავი წარჰკუეთეთ, რაჲთა არავინ ქრისტეანეთა ცნან და პატივ-სცენ გუამასა მისსა. და წარიხუენით ჴორცნი მისნი ქალაქსა გარე, განაბნიენით შესაჭმელად მჴეცთა და მფრინველთა”.

ხოლო მსახურთა მათ წარიყვანეს ნეტარი ევსტათი საპყრობილედ, რაჲთამცა აღასრულეს ბრძანებული იგი მარზაპნისაჲ მის.

ჰრქუა მათ წმიდამან ევსტათი: “მცირედ მგებდით მე, ძმანო ჩემნო, რამეთუ ჴელთა შინა თქუენთა ვარ, რაჲთა ვილოცო მე ღმრთისა ჩემისა მიმართ”. ხოლო მათ მცირედ დაითმინეს და აცალეს და ჰრქუეს: “ეგრე ვყოთ”. მაშინ მოიდრიკნა მუჴლნი თჳსნი და აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად და თქუა: “უფალო ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო, რომელსა ყოველთა კაცთაჲ გნებავს ცხოვრებაჲ, რომელნი ესვენ სარწმუნოებით სახელსა წმიდასა შენსა, რომელმან ისმინე ლოცვაჲ პირველთა მათ მოწამეთაჲ, რომელნი პირითა მახჳლისაჲთა მოსწყდეს, რომელნიმე ტბასა შინა ყინელითა, რომელნიმე ზღუასა შინა შთაყრითა მოსწყდეს, რომელნიმე ცეცხლითა და რომელნიმე მჴეცთა მიერ შეიჭამნეს სახელისა შენისათჳს და მოიღეს შენ მიერი იგი აღთქუმული, რომელნი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი-იგი განუმზადე წმიდათა მათ მოწამეთა შენთა, მეცა, უფალო, ღირს მყავ მონაწილე მათ თანა, და სამკჳდრებელსა მათ თანა, სიხარულსა მათ თანა, უოხჭნოსა შუებასა მათ თანა. მიუკუანაჲსთა ჟამთა ნარჩევი მოწამეთაჲ, ვითარცა იტყჳს პავლჱ მოციქული - მე ვარო ნარჩევი მოციქულთაჲ, - შენ იცი, უფალო ჩემო იესუ ქრისტე, რამეთუ არავინ ვირჩიე შენსა, არცა მამაჲ, არცა დედაჲ, არცა ძმანი, არცა ნათესავნი, გარნა შენ მხოლოჲ უფალი შეგიყუარე და სახელისა შენისათჳს ესერა თავი წარმეკუეთების დღეს. და ამას ვილოცავ და და გევედრები და ვითხოვ შენ სახიერისაგან, რაჲთა არა დაეტეოს გუამი ჩემი აქა ტფილის[ს] შინა, არამედ რაჲთა დაემარხოს იგი მცხეთას წმიდასა, სადა იგი შენ გამომიჩნდი. და რაჲთა აქუნდეს მადლი და კურნებაჲ ძუალთა ჩემთა, ვითარცა-იგი პირველთა მათ”.

და ესმა ჴმაჲ, რომელი ეტყოდა ევსტათის და ჰრქუა: “არა უნაკულულჱს იყო შენ პირველთა მათ მადლითა კურნებისაჲთა, რომელთა ვჰრწმენე მე. ხოლო გუამისა შენისათჳს ნუ ჰზრუნავ, ეგრე იყოს, ვითარცა შენ სთქუ ყოფად”. და განმხიარულდა ნეტარი ევსტათი და ჰმადლობდა ღმერთსა. ხოლო წმიდასა ევსტათის პირველვე ემცნო ნეტარისა სტეფანჱსდა, რაჲთა რაჟამს გეუწყოს სიკუდილი ჩემი, მწრაფლ წარიღეთ გუამი ჩემი მცხეთას და მუნ დამარხეთ, სადა ნათელ-ვიღე”.

და ვითარცა დაასრულა ლოცვაჲ და ვედრებაჲ და თხოვაჲ უფლისა მიმართ, ჰრქუა მსახურთა მათ მარზაპნისათა: “აწ აღასრულეთ განჩინებული იგი ბრძანებაჲ ჩემ ზედა”. ხოლო მათ არა უნდა მოკლვის. ხოლო ერთმან მათგანმან ჰრქუა: “ჩუენ მოვსწყდებით, უკუეთუ ეგე ეგოს ცოცხალი”. მაშინ მიყვნეს ჴელნი მათნი მის ზედა და სცეს მახჳლითა პატიოსანსა ქედსა მისსა და წარჰკუეთეს თავი მისი და შეჰვედრა სული თჳსი ქრისტესა მეუფესა.

ხოლო გუამი მისი ღამე განიღეს გარეშე და დააგდეს მუნ. ხოლო ცნეს ვიეთმე ქრისტეანეთა და წარიღეს იგი მცხეთას, რამეთუ სტეფანეს ემცნო მუნ მყოფთა ქრისტეანეთადა. ვითარცა მიიწინეს მცხეთას, უთხრეს სტეფანეს, და სტეფანე აუწყა სამოელს კათალიკოზსა. ხოლო მან ფრიად განიხარა და დაჰმარხა იგი დიდითა დიდებითა და პატივითა წმიდასა ეკლესიასა მცხეთისასა და ვიდრე აქამომდის იქმნებიან კურნებანი სნეულთანი მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისაჲ არს სუფევაჲ და ძლიერებაჲ, პატივი და სიმტკიცჱ და დიდებაჲ მოუკლებელი სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამჱნ.